მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში მე საჯარო მოხელის სტატუსი არ მაქვს, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს, ნებისმიერ თემაზე შემიძლია აზრის გამოხატვა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, მისი განცხადებების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარების საკითხს ეხმაურება.
სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვს და ნებისმიერ თემაზე შეუძლია აზრის გამოხატვა.
„ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში, სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება. სინამდვილეში, იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში, ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი. მე არ ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არ ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის… მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის საბჭოს თავმჯდომარე და ამგვარად, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს, შემიძლია, გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე“,- აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც აუდიენციას ამ წუთებში მართავს.
საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა.
კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.
„ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- აღნიშნა სააკაშვილმა.