მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩს დაიბარებენ
მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩს დაიბარებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არსებობდა იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას გააგრძელებდა.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე დაბარება.

„სწორედ ეს არის ზუსტად ის საკითხი, რის გამოც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიდგომა და რის გამოც, ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე. სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს უკრაინელ კოლეგებს – ადამიანი, რომელიც ინიშნება ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, რომელიც არის ძებნილი და, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება ოთხი დამოუკიდებელი ქეისის მიმართულებით სთხოვს პასუხს, გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ ითვალისწინებს ამას, ეს იყო გაფრთხილება და ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რა მოქმედებაც მივიღეთ და რის გამოც ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ. ბუნებრივია, ის განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ მაღალ თანამამდებობაზეა. შეგვიძლია, სიტყვა-სიტყვით გავშიფროთ მისი თითოეული გამონათქვამი, მე მაინტერსებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან და ამის შესახებ გვექნება საუბარი“,- განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩს განმარტებებისთვის დაიბარებენ.

„რა თქმა უნდა, დავიბარებთ ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს, რადგანაც ეს არის აშკარა, პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსის სხვა ქვეყნის და არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ საქართველოში უკრაინის ელჩის განმარტებებს“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.

„ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი