მიხეილ სააკაშვილი - გერმანიას თავისი პრობლემები აქვს საკუთარ ისტორიასთან მიმართებაში
მიხეილ სააკაშვილი - გერმანიას თავისი პრობლემები აქვს საკუთარ ისტორიასთან მიმართებაში

გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად საქართველოს ისტორიის პერსონაჟებზე საუბრისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს საკუთარ ისტორიასთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ „გერმანიის ელჩი საქართველოს ისტორიაზე მსგავს ტონალობაში არ უნდა საუბრობდეს“.

„რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ვიღაცები რომ იცავენ, ჯოჯოხეთის მაშხალები, „ოცნების“ წარმომადგენლები. მეგობრებო, ეს ის ხალხი არ იყო უცხოელებს, ევროპარლამენტარებს რომ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამსახურში ყოფნაში და ლამის მე ვმართავდი მთელს მსოფლიოს. გერმანია არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად საქართველოს ისტორიის პერსონაჟებზე საუბრისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს თავის ისტორიასთან მიმართებაში. არ მგონია, რომ მისი გასარჩევი იყოს სარკასტულ ტონში ქართული მოწამეობრივი და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამ, რომ საქართველო არ გაყიდა და ამ თემებზე თამაშს და ღადაობას ჩვენ არ მოვითმენთ. ამას უნდა ამბობდეს არამხოლოდ ოპოზიცია და ყოფილი პრეზიდენტი, არამედ ხალხი, ეს ნორმალურია. ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა 13 დეკემბერს „იმედის“ ეთერში ბოლო პერიოდში ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ქნირშის თქმით, დიპლომატების მიმართ პრეტენზიების ნამდვილი მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა.

„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა“,- განაცხადა ქნირშმა.

ასევე, მისი თქმით, პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად და არა ოპოზიციის იქ შესვლით.

ქეთევან დედოფლისა და ელჩების შესახებ განცხადება „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.

„ქეთევანის წამების ბარბაროსულ გადაწყვეტილებას მრავალი ელჩი ესწრებოდა, მაგრამ ვერ გააკეთეს ვერაფერი, ელჩები იყვნენ უსუსურები. ამ დიპლომატიურ კორპუსს უსუსურებს კი არ ვუწოდებ, უბრალოდ ვახსენებ, რომ ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

დატოვე კომენტარი