ჰუბერტ ქნირში - დიპლომატების მიმართ პრეტენზიების ნამდვილი მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა, ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს, რომ ზოგს სურს პარლამენტში შესვლა და ამ ბრძოლაში დიპლომატებსაც ერჩიან
ჰუბერტ ქნირში - დიპლომატების მიმართ პრეტენზიების ნამდვილი მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა, ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს, რომ ზოგს სურს პარლამენტში შესვლა და ამ ბრძოლაში დიპლომატებსაც ერჩიან

ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს, რომ ზოგს სურს პარლამენტში შესვლა და ამ ბრძოლაში პარალელურად დიპლომატებსაც ერჩიან, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

ელჩმა მის მიმართ გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„მე ვეცნობი ასეთ გამონათქვამებს. ხშირად გასაოცარია, თუ როგორი დაჟინებითა და ფანტაზიით ხდება ამ იდეების არგუმენტირება. ნამდვილი დიპლომატის გაბრაზება ძალიან რთულია, ამას ყველა ვერ ახერხებს. და ეს ბრალდებები მოდის იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც ჩვენ, დასავლეთის დიპლომატებს გვთხოვდნენ, ჩავრეულიყავით ქართულ პოლიტიკაში და მათ დავხმარებოდით. დიპლომატების მიმართ გამოთქმული პრეტენზიების ნამდვილ პოლიტიკურ მიზეზს წარმოადგენს ოპოზიციის შიდა დაპირისპირება. ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს, რომ ზოგს სურს პარლამენტში შესვლა და ამ ბრძოლაში პარალელურად დიპლომატებსაც ერჩიან. ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს საკითხის არსი“, – დასძინა ჰუბერტ ქნირშმა.

ელჩს კითხვით მიმართეს, რამდენად ახდენს მსგავსი განცხადებები გავლენას ანტიდასავლურ განწყობაზე.

„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა. მინდა მედიასაც ვთხოვო: ყველაფერი, რასაც იტყვიან, იქნებ არ გადავაქციოთ დიდ მოვლენად, რომელზეც დღეების განმავლობაში იქნება საუბარი“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ქეთევან დედოფლისა და ელჩების შესახებ განცხადება „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.

„ქეთევანის წამების ბარბაროსულ გადაწყვეტილებას მრავალი ელჩი ესწრებოდა, მაგრამ ვერ გააკეთეს ვერაფერი, ელჩები იყვნენ უსუსურები. ამ დიპლომატიურ კორპუსს უსუსურებს კი არ ვუწოდებ, უბრალოდ ვახსენებ, რომ ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.