მიხეილ სააკაშვილი - დავით კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს
დავით კირკიტაძეს ნებისმიერი საბაბით ითრევენ რაღაც დაპირისპირებაში და შემდეგ უშვებენ რამდენიმეწლიანი მუხლით საპატიმროში, კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, დავით კირკიტაძე დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან იყო ჩასული.
„დავით კირკიტაძე დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემთან იყო ჩამოსული, სამი თუ ოთხი დღით ადრე. განვიხილეთ, დათო არის მთავარი ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“, რეგიონული მდივანი. გარდა ამისა, ვერ შეძლო ივანიშვილმა რუსთავის მოგება და ეს მისთვის იყო ძალიან მძიმე მარცხი, რადგან რუსთავი დიდი ქართული ქალაქია და არის სოციალურად ძალიან საინტერესო ქალაქი. რუსთავში კირკიტაძემ გამოგლიჯა მას გამარჯვება. და რა ხდება? კირკიტაძეს ნებისმიერი საბაბით ითრევენ რაღაც დაპირისპირებაში და შემდეგ უშვებენ რამდენიმეწლიანი მუხლით დღეს საპატიმროში. ეს იმ პირობებში, როცა ფარცხალაძემ ცემა კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ყველას თვალწინ მძიმედ დააშავა და კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს, ფარცხალაძე დღესაც დადის თავისუფალი, კორცხელის გმირები დადიან თავისუფლად, ჩვენი კასპელი აქტივისტის მცემელი დადის თავისუფალი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.