მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს. ადვოკატის თქმით, ანალიზის აღებას ოჯახი გამოძიების დაწყების დღიდან ითხოვდა.
როგორც რამიშვილი აცხადებს, ხვალ დილიდან ადგილზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იქნა აღმოჩენილი, ექსპერიმენტი ჩატარდება, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ ამ ექსპერიმენტმა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი.
„თავიდანვე, როგორც კი გამოიძიება დაიწყო და გამოძიების წინაშე უნდობლობა გაჩნდა, მშობლები ითხოვდნენ დნმ-ის აღებას და შემოწმებას, თუ რამდენად იყო ცხედარი მათი შვილის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა და მთავარი პროკურორის მიმართაც აღნიშნული საკითხი დადგა. ამის თაობაზე იყო დღევანდელი შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შეიქმნა ქალაქის პროკურატურაში გენერალური პროკურორის მიერ. დნმ აიღეს მამის და დედის. გარდა ამისა, ხვალ გაიმართება ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე, სადაც იქნა აღმოჩენილი ავტომანქანა. რა გარემოშიც იმყოფებოდა ცხედარი, რა ტემპერატურაც იყო, ისეთ გარემოში უნდა იყოს ტემპერატურა გაზომილი. შესწავლილი უნდა იყოს ისეთი მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იყო ცხედარი ხუთი დღის ვადაში. იქნება 24 საათიან რეჟიმში, დაფიქსირდება შესაბამისი ვიდეოკამერით და პარალელურად, დაიწყება სამუშაო პროცესი პროკურატურაში. ისეთ რეჟიმში უნდა ჩატარდეს ექსპერიმენტი, რომ ჩვენი მხრიდან არც ერთი კითხვა არ დარჩეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.