მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, მის სხეულში არ არის ალკოჰოლური, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, მის სხეულში არ არის ალკოჰოლური, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, დასკვნაში ასახულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კვალია აღმოჩენილი.
„ეს არის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელიც ასახავს თამუნას ორგანიზმში მედიკამენტების არსებობა/არ არსებობას. დასკვნაში ასახულია, რომ მის ორგანიზმში არ არის ალკოჰოლური, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ასევე, დასკვნაში ასახულია, თუ რა მედიკამენტები იყო მის ორგანიზმში. ესენია ანთების საშუალებები და ეს ალბათ, ასახული იქნება საბოლოო დასკვნაში, რამაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია სიკვდილი, რა დოზით არის ესა თუ ის მედიკამენტი და მთავარი, სად არის ეს მედიკამენტი – კუჭში თუ სისხლში.
ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში მითითებულ ჩამონათვალში ერთადერთი წამალია ისეთი, რომელსაც თამუნა ხშირად ეძებდა. კიდევ ერთხელ გადამოწმდება კომპიუტერული ექსპერტიზა და დადგინდება, იყო თუ არა მის კომპიუტერში შეღწევადობა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.