მიხეილ რამიშვილი - დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ
მიხეილ რამიშვილი - დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვა.

მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანომ მას დღეს მობილური ტელეფონი ჩამოართვა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით ჩვენებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„ამავდროულად, ჩემი ტელეფონი იქნა დალუქული და მიაქვთ შესამოწმებლად. გარდა ამისა, ჩემს მიერ წარმოდგენილი იქნა გამოკითხვის ოქმი, ჩემს მიერ ჩამორთმეული და დალუქული, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შემხებლობა თამარ ბაჩალიაშვილთან, გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა და დანარჩენს ვნახავთ უკვე, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს პროკურატურა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, სუს-ის ყოფილ თანამშრომელს თამარ ბაჩალიაშვილთან კონტაქტი მეხსიერების ბარათის გადაცემას უკავშირდებოდა და აღნიშნული პირი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმე იქნება.

„ე.წ. ფლეშკის გადაცემა. რა ახლავს ფლეშკაზე თან, ამას საგამოძიებო მოქმედებები დაადგენენ. არსებითი და ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა. სუს-ი არაერთხელ გამოჩნდა, არაერთხელ ჩანს ძალოვანი სტრუქტურები ამ საქმეში. ჩანს, რომ ბავშვს საფრანგეთში წასასვლელად გამზადებული ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მას უარი ათქმევინეს“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, რას უკავშირდება ტელეფონის ჩამორთმევა, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მიზეზი მისთვის უცნობია.

„დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს ტელეფონი, რაღაც უნდა გადაამოწმონ. მალე თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, ძალიან არ უნდათ, მე ამ საქმეში ვიყო, რადგან ხედავენ, უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდი ამ საქმეში. არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს. ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს უსაფრთხოებას. ესენი არიან მკვლელები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი საშიშროება ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, მის ტელეფონში იყოს ისეთი მიმოწერა, რამაც მისი დაკავება გამოიწვიოს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ასეთს ვერაფერს იპოვიან.

„ჩემს ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან და ყველაფერს გააკეთებენ. მე მაგის არ მეშინია. მაგათ ეშინოდეთ თავიანთი მომავლის“, – დასძინა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, ვის გულისხმობს სისტემაში, როდესაც ამბობს, რომ სისტემამ მოკლა თამარ ბაჩალიაშვილი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს. მე რომ ამათ ხელს ვუშლი, ეს თავიდანვე ვიცი. ამათ ჰქონდათ თავიდანვე თავიანთი ფორმით შექმნილი ყველაფერი. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს გამომძიებლები, ერთეულები, რომლებსაც ვუყურებ, მართლა უნდათ, კეთილსინდისიერად ცდილობენ, თავიანთი ღირსებით გამოიძიონ, მაგრამ არ მისცემენ თავიანთი უფროსები ამის საშუალებას“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, საუბარია თუ არა ისევ სამ მაღალჩინოსანზე, რომლებზეც საუბარი თავდაპირველად იყო, ადვოკატმა განაცხადა, რომ რაოდენობა არ იცის, თუმცა ისინი საქმესთან დაკავშირებულნი არიან.

„მე არ ვიცი, ყველა ესენი, სამნი იქნებიან, ხუთნი, თუ ერთი იქნება, მაგრამ არიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მივმართე და კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოში მყოფ ყველა ქვეყნის ელჩებს, იმ მოწმის, რომლის ჩვენებაც მე მოვიტანე, ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, რომ დაცულები იყვნენ ყველანი და ამ სახელმწიფოში არ ვიცხოვრებ ჩრდილო კორეის ცხოვრების წესით. ასე არ შეიძლება. დღეს ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, ხვალ ჩამომართმევენ სიცოცხლეს“, – დასძინა მიხეილ რამიშვილმა.