მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით წაიყვანოს
საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი ქმედება და არანაირი გამოძიება ამ საქმეზე არ განხორციელდება, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
ეს განცხადება მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.
რამიშვილი გენერალურ პროკურორ, ირაკლი შოთაძეს მიმართავს, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში „ეფბიაის“ ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც გაავრცელა, ყველა გავეცანით. ეს არის ლეპტოპზე ექსპერტიზა და ამოღებული იქნა ე.წ. ვებსაიტზე შესვლა როგორ ხორციელდებოდა, რა ვებსაიტები იყო დათვალიერებული თამუნას მიერ. ეს არის მიზანმიმართული განაჩენი გაკეთებული, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი ქმედება და არანაირი გამოძიება არ განხორციელდება ამ საქმეზე. როდესაც ცხედარი აღმოაჩინეს, 23 ივლისს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გამოვიდა და თქვა, რომ არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც დაიკითხა და არსებობს აბები, რომელიც დაილუქა. საზოგადოებას ამცნეს, თითქოს ეს იყო თვითმკვლელობა. ამის შემდეგ თითქოს სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობდნენ.
მას შემდეგ რაც FBI-ის ჩართვა მოვინდომეთ, ვითომდა შსს მზად იყო. რომ მოვითხოვეთ, თუ რა წერილი გაუგზავნეს ამერიკის საელჩოს, წერილი არ უჩვენებიათ. მთელი ლეპტოპი გაუბედურებულია. ყველაფერი წაშლილია და ამათ გადაწყვეტილი აქვთ, საქმე არ გამოიძიონ და ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და იმ მკვლელობას, რაც მის მიმართ იყო ჩადენილი. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოძიება არ ჩატარდეს, არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს. მივმართავ მთავარ პროკურორს, თუ მორალური, ზნეობრივი, ადამიანური და არამონური თვისების ერთი მარცვალი მაინც დარჩენილი აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას აწვდის შუალედურ ინფორმაციას თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.