მიხეილ მინდაძე - რასაკვირველია, ბულინგის თემა არის, იყო და იქნება, მაგრამ ამასთან ბრძოლაა საჭირო
მიხეილ მინდაძე - რასაკვირველია, ბულინგის თემა არის, იყო და იქნება, მაგრამ ამასთან ბრძოლაა საჭირო

რასაკვირველია, ბულინგის თემა არის, იყო და იქნება, მაგრამ ამასთან ბრძოლაა საჭირო, – ამის შესახებ თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამას მოვლა სჭირდება არა მარტო სკოლის მასწავლებლებით, არამედ მთელი საზოგადოებით. ამისკენ მთელი საზოგადოება უნდა იყოს შემართული. თუ ბავშვი ვიღაცამ დაჩაგრა და მას გაუჭირდა, ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას? არადა, ცუდ ტონად ითვლება, თუ ეს ბავშვი მშობელს ან მასწავლებელს ეტყვის; ეს ბავშვი არის ჩამშვები, დამბეზღებელი და დღეს, ეს საზოგადოებაში მიღებული ფორმაა. ეს დამოკიდებულება პირველ რიგში, ფსიქოლოგიურმა სამსახურმა უნდა შეცვალოს. ეს სამსახური მუშაობს, მაგრამ რაოდენობრივად არასაკმარისია და არის რიგები“, – განაცხადა მინდაძემ.

მისი თქმით, ბავშვმა პრობლემის შესახებ მანდატურსაც უნდა უთხრას, მაგრამ მანდატური პოლიციური სახე არ უნდა იყოს.

„მანდატური მისი მეგობარი უნდა იყოს, შიგნით მომუშავე ადამიანი, სანდო პირი. ხშირ შემთხვევაში, ესეც არ არის. ასეთები ბევრი არ არიან“, – განაცხადა მინდაძემ.

როგორც მიხეილ მინდაძემ აღნიშნა, სასკოლო საზოგადოება – მშობელი, მასწავლებელი და ბავშვი ერთიანია, ერთი მთლიანობაა და ამის დაცალკევება არ შეიძლება.

„არ შეიძლება ასე – ეს ამის ფუნქციაა, ის იმის და ა.შ. თქვენი ოჯახური გასაჭირი რაღაც დონემდე ჩვენც უნდა ვიცოდეთ, მასწავლებლებმა, ჩვენი გასაჭირი კი – თქვენ და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ბარიერის ერთ მხარეს ვართ. 80% შემთხვევაში მშობელი მასწავლებელთან არის დაპირისპირებული. მიაჩნიათ, რომ თუ შვილზე რამეს ეტყვი, ეს შეურაცხმყოფელია. ასევე, პირიქით, მასწავლებელი უპირისპირდება მშობელს. უნდა შევიგნოთ, რომ ერთ მხარეს დგომაა საჭირო და ბავშვის დაცვა“, – განაცხადა მინდაძემ.

საჯარო სკოლის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მასწავლებელი მოთამაშე მწვრთნელი უნდა იყოს.

„ბავშვი აღქმული უნდა გვყავდეს, როგორც პიროვნება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, თორემ მშობელი მეტ-ნაკლებად, სხვანაირია. ბავშვი იგივე ემოციების მატარებლად ითვლება, როგორც თავად მასწავლებელი. განსხვავება უბრალოდ, ზომაში და გამოცდილებაშია, თორემ მეტი განსხვავება არ არის; იმასაც სტკივა, მეც მტკივა, იმასაც უხარია, მეც მიხარია…ეს დამოკიდებულება, როცა მის თანაბრობას ხედავს, ადამიანს პოზიტიურად განაწყობს“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.