სალომე ზურაბიშვილი - თანამდებობაზე თუ ხარ, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო, მოინელო, გაატარო
სალომე ზურაბიშვილი - თანამდებობაზე თუ ხარ, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო, მოინელო, გაატარო

თანამდებობაზე თუ ხარ, არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო ბულინგი, მოინელო, გაატარო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ყველას აქვს მოთმინების ვალდებულება.

„ბულინგზე თუ ვილაპარაკებთ, ყველას აქვს რაღაც მოთმინების ვალდებულება. მე მგონი, რომ ჩემზე რაც ითქვა ბოლო 13 წლის განმავლობაში, ყველაფერი მაქვს მოსმენილი, ყველაფერი იქნა დაწერილი, ყველაფერი იქნა ნათქვამი სხვადასხვა არხზე და მეტიც, რაც მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგენენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ა.შ.

მთავარი ბულინგი არის იმაზე, რომ ბებერი არის… მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანში შესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა. იმის თქმა მინდა, რომ თანამდებობაზე თუ ხარ, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო ის ბულინგი და უნდა მოინელო, გაატარო, რადგან ეს არ არის მთავარი. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი ყველას ვალდებულება, ვინც ვართ თანამდებობებზე, რომ მოვითმინოთ, ბულინგი იქნება, კრიტიკა, ლანძღვა, თუ რაც იქნება.

ასე რომ, მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ ყველამ უნდა მოვითმინოთ. რაც არ მომისმენია ჩემზე, მაინც ვთვლი, რომ უფრო ღირებული არის გამოთქმის, სიტყვის თავისუფლება, ვიდრე ამის შეზღუდვა იმიტომ, რომ ვიღაცას დისკომფორტს უქმნის, ძალიან ძნელი ასატანია, უზრდელობაა, მიუღებელია ზოგჯერ. თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.