მიხეილ ხიდურელი - ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევაში საქართველოს ლიდერობა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის დადებით გამოცდილებაზე სხვები სწავლობენ
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშში საქართველოს წარმატებაში ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დიდი წვლილი მიუძღვით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს -„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტოს პროგრამები ორიენტირებულია იმ კომპონენტების განვითარებაზე, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის სამეწარმეო უნარების ამაღლება, ბიზნესების ინტერნაციონალიზაცია და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ ყველა კომპონენტში საქართველო ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დადებით გამოცდილებაზე სხვა ქვეყნები სწავლობენ და ეს ყოველთვის სასიხარულო ფაქტია,“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული კომპონენტის თანახმად, რომელიც, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, 2015-2020 წლებში მხარდაჭერილია 359 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 783,2 მლნ ლარს შეადგენს. სულ შეიქმნება 13 ათას სამუშაო ადგილზე მეტი. რაც შეეხება სააგენტოს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს, მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია, სადაც ჯამში დაფინანსებულია 9 384 ბენეფიციარი.
უწყების ცნობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის – „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი – 2020“ მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. საქართველოს შეფასება რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან ცხრა კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
„მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი“ ქვეყნებს 12 კომპონენტის მიხედვით აფასებს, როგორიცაა ინსტუტიციური და მარეგულირებელი გარემო; სამეწარმეო/ოპერაციული გარემო; გაკოტრება და მეორე შანსი; სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა; სამეწარმეო უნარები; მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო შესყიდვები; სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები; ინტერნაციონალიზაცია; დამხმარე სერვისები მეწარმეობისა და სტარტ-უპ-ებისთვის; ინოვაციები და მწვანე ეკონომიკა.