მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე დასკვნით ეტაპზეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. მათ შორის, დასკვნითი სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლებს ბრალდებული მიხეილ კალანდია.
ბრალდებულის ინტერესების დამცველი დარწმუნებულია, რომ მიხეილ კალანდია გამართლდება.
„მე მოვიტანე გამამართლებელი განაჩენის პროექტი, რომლითაც ობიექტურად მიდგომის შემთხვევაში, მოსამართლემ კალანდია პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს, ვინაიდან მის მიმართ საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არის. დასკვნით სიტყვაში ის წინაპირობები მაქვს მიმოხილული, რამაც ეს დანაშაული გამოიწვია, უწყებამ რა ფუნქციები არ შეასრულა, რა დარღვევები იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი. მიხეილ კალანდია ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და აცხადებს, რომ ძალიან უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ მეგობარს ეხმარებოდა, რომელსაც ნამდვილად ესაჭიროებოდა დახმარება მას შემდეგ, რაც ის ფარდულში შეაგდეს. თუ მოსამართლე პოლიტიკური დატვირთვებისგან იქნება თავისუფალი, აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს დააყენებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
სხდომას არ ესწრება დავით სარალიძის მამა, თუმცა სასამართლო დარბაზში იმყოფება დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. მისი თქმით, ზაზა სარალიძე მხოლოდ განაჩენის გამოცხადებას დაესწრება.
„მინდა, მოვისმინო მათი პოზიცია იმ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რაც იყო სასამართლო პროცესებზე გაჟღერებული. მათი პოზიცია გახლავთ, რომ თურმე მიხეილ კალანდია უნდა განთავისუფლდეს დღევანდელი სასამართლო პროცესიდან. თუმცა მე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს, თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით და ნამდვილად არ გახლავთ ჩვენი პოზიცია, რომ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან. მოვისმენთ და შემდეგ მივცემთ შეფასებას“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ამასთან, დაზარალებულის ინტერესების დამცველის თქმით, ყველა პასუხს აგებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელიც ზაზა სარალიძის მიმართ ისმის.
„მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე, ზაზა სარალიძეზე მიმდინარეობს უბინძურესი ცილისწამება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმე კიდევ გააკეთებს იმგვარ კომენტარს, რომ გარკვეული თანხა აქვს მიღებული თავისი „შვილის გაყიდვაში“, მას მოუწევს ამ სიტყვების დადასტურება. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც მას ამ სიტყვებზე პასუხიმგებლობა აუცილებლად მოუწევს“, – განაცახადა ნესტან ლონდარიძემ.