მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო 21 თებერვალს, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ კალანდიას წინააღმდეგ მოპოვებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა. ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მოწმეების ჩვენებებსა და ასევე სხვა სახის მტკიცებულებებზე ისაუბრა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობდა და ხელში ეჭირა ბასრი იარაღი.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ კალანდიას წინააღმდეგ მამხილებელი მტკიცებულებები არ არის გარდა იმ მსჯავრდებული პირების ჩვენებებისა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არიან გასამართლებულები.
დაცვის მხარე 21 თებერვალს იტყვის დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც უკვე რამდენიმე დღეში მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მიხეილ კალანდია ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.