მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ 11 წელი და სამი თვე განისაზღვრა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დატოვეს.
მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.