მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ შევძელით, რომ საქართველო-რუსეთის საკითხი დაგვებრუნებინა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა პეტრო პოროშენკოს ინიციატივას აღიქვამს, როგორც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მათ შორის საქართველოში განხორციელებული აგრესიისთვის.
საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კიევში გამართული შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას, რომ მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მასში ჩაერთოს.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა უპრეცედენტოდ აქტიური იყო იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში დაბრუნებულიყო.
„ბატონ გიგა ბოკერიას, რომელიც პარლამენტში მიბარებს, პარლამენტშივე ვუპასუხე, რომ მაშინ როდესაც ის ბრძანდებოდა ერთ-ერთი წამყვანი პირი საგარეო პოლიტიკაში და საქართველოს კონფლიქტი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ იყო საერთოდ დავიწყებული საერთაშორისო ფორმატებში, მაშინ როდესაც საქართველო იყო პირველი, სადაც განხორციელდა სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად იყო შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება ამ კონკრეტული აგრესიის წინააღმდეგ, ეს ვერ მოხერხდა.
ჩვენ შევძელით, რომ საქართველო-რუსეთის საკითხი დაგვებრუნებინა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. ამას ცხადყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი გადაწყვეტილებები, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო გადაწყვეტილებები და მათ შორის ჩვენი მუშაობის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კანონით განისაზღვრა სანქციები ყველა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც რაიმე ტიპის კონტაქტს დაამყარებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ან შეხება ექნება მათთან, შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაიმე კუთხით აკლებს ქმედებას, მცდელობას იმისთვის რომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოხდეს, რათა რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დეოკუპაცია და მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, არის ფუჭი და პოპულისტური.
მოვუწოდებ ყველას, შეეშვას პოპულისტურ განცხადებებს და იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, მე ისედაც დაგეგმილი მაქვს წლის დასაწყისში და აუცილებლად მექნება პარლამენტში ამაზე საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კიევში გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მასში ჩაერთოს.