მიხეილ გიორგაძე - გარიგებული მატჩების პრევენციის კუთხით აქტიურად ვიმუშავებთ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართულ ფეხბურთში შესაძლო გარიგებული მატჩების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ძალიან აქტიურად მოხდება მუშაობა ამ მიმართულებით როგორც პრევენციის, ისე შესაძლო გადაცდომების გამოვლენის ნაწილში.
“ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ბუნებრივია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ზოგადად, საქართველო სპორტში მანიპულაციების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის წევრი ქვეყანაა და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ როგორც პრევენციის, ისე შესაძლო გადაცდომების ნაწილში”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.
6 დეკემბერს ქართველი მსაჯი ილია ტუღუში მალთაყვის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ამასთან, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი მის გარდაცვალებას ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს.