მიხეილ დუნდუა - საქართველოს აქვს რეალური შანსი, მაღალი ალბათობა, გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, ამ სტატუსის მიღების დროს სიღარიბე, როგორც ნომერ პირველი და აქტუალური პრობლემა, არ იარსებებს
მიხეილ დუნდუა - საქართველოს აქვს რეალური შანსი, მაღალი ალბათობა, გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, ამ სტატუსის მიღების დროს სიღარიბე, როგორც ნომერ პირველი და აქტუალური პრობლემა, არ იარსებებს

საქართველოს აქვს რეალური შანსი, მაღალი ალბათობა, რომ გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და საქართველო როდესაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება, დღეს არსებული პრობლემები, პრაქტიკულად, არ იარსებებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოს აქვს მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნის სტატუსი და ასეთი სტატუსის მქონე, დაახლოებით, ასი ქვეყანაა. საქართველო ვიდრე არ გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, იქამდე ეკონომიკური პრობლემები, მცირედი მასშტაბით მაინც, იარსებებს. მაღალშემოსავლიანი რომ გახდე, დაახლოებით, 15 000 დოლარს უნდა გადაასწროს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელმა. დღეისთვის, საქართველოს ეკონომიკა 8 000 დოლარზე მაღალია, 2028 წლისთვის, დაახლოებით, 12 000 დოლარი იქნება. 2022-28 წლის საშუალო წლიური ტემპი ერთ სულ მოსახლეზე ამერიკულ დოლარში ეკონომიკური ზრდისა, არის 13%-ზე მაღალი. ჩვენ ზრდის ეს ტემპი თუ შევინარჩუნეთ 2028 წლის შემდეგ, 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარზე მეტი იქნება. საქართველოს აქვს რეალური შანსი, მაღალი ალბათობა, რომ გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და საქართველო როდესაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება, დღეს არსებული პრობლემები, პრაქტიკულად, არ იარსებებს“, – განაცხადა დუნდუამ.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა არ არის მაღალშემოსავლიანი.

„მაგალითად, დღეს თურქეთი და ბულგარეთი არ არიან მაღალშემოსავლიანი ქვეყნები. 2030 წელს საქართველო თუ გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, და ნამდვილად გახდება, რაზეც ყველაფერი მიანიშნებს, პრობლემებზე, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, დამერწმუნეთ, მაშინ არ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დუნდუამ.

როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, სიღარიბის მაჩვენებელი უნდა იყოს 10%-ზე და 5%-ზე დაბალი და ეს მჩვენებელი როცა 5%-ზე დაბალი იქნება, ამ შემთხვევაში საქართველო იქნება ევროკავშირის ქვეყნების შესადარი, სიღარიბის მაჩვენებლებთან მიმართებით.

„რა თქმა უნდა, როგორც აშშ-ში, საბერძნეთში ან საფრანგეთშია, ჩვენთანაც ვიღაც იქნება ღარიბი, მაგრამ მათი წილი მოსახლეობაში უნდა იყოს მკვეთრად დაბალი. მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღების დროს ქვეყანაში სიღარიბე, როგორც ნომერ პირველი და აქტუალური პრობლემა, არ იარსებებს, თორემ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში იარსებებს ვიღაც ხელმოკლე, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერას გამოუცხადებს და გამოიყვანს სიღარიბიდან“, – განაცხადა დუნდუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს სოციალური მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა ვითარება წლიდან წლამდე უმჯობესდება.

„სახელმწიფო მათ მხარდაჭერას უცხადებს და ახლაც აძლიერებს, მაგრამ წლიდან წლამდე ვითარება მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების გაუმჯობესების კუთხით, ჯანდაცვის, სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით უმჯობესდება და იზრდება, რამაც სიღარიბის დონის შემცირება გამოიწვია. როცა სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე ვსაუბრობთ, მარტო ჩვენ არ გვაქვს ამაზე აქცენტი, მსოფლიო ბანკი და წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბის შემცირების პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ამ გზას უნდა გავყვეთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს – გავზარდოთ ეკონომიკა და საქართველო გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა; საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, დავეხმაროთ შეჭირვებულ ადამიანებს, დახმარების ხელი გავუწოდოთ, დავეხმაროთ დასაქმებაში, ფეხზე დადგომაში, დავეხმაროთ ბავშვებს, მოხუცებს, ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ და თანდათანობით, ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე, ისე გადავანაწილოთ მთლიანი შიდა პროდუქტი, რომ სიღარიბე კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, შემცირდეს უმუშევრობა და გაიზარდოს დასაქმება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ამასთან, დუნდუამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს, არის ერთ-ერთი სანიმუშო და თვალსაჩინო, თავისი მწირი რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როგორ უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო კერძო სექტორს და საზოგადოებას.