მიხეილ ჭკუასელი - მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში პარლამენტიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული
მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა მხოლოდ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა არ არის და მასში საქართველოს პარლამენტიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.
გადაცემაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი და ახალი მთავრობის მიმართ ქართული ბიზნესის მოლოდინის საკითხი განიხილეს.
მოცემულ ეტაპზე პარლამენტში როგორც პრემიერობის კანდიდატის, ისე მისი კაბინეტის წევრების წარდგენა-დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს.
ჭკუასელის თქმით, ახალი სამთავრობო პროგრამა ყველაზე ახლოს დგას მმართველი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამასთან, რითაც გუნდმა 2012 წლის არჩევნები მოიგო და საშუალებას მისცემს მთავრობის ახალ შემადგენლობას, პოლიტიკური პოპულიზმის გავლენა აირიდოს. თუმცა, ჭკუასელი თვლის, რომ ახალ პროგრამას აკლია ციფრები და პასუხისმგებლობა მონეტარული პოლიტიკის ნაწილში.
„ეს პროგრამა ყველაზე ახლოს დგას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამასთან. პროგრამა ჩემი აზრით არის ის დოკუმენტი, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, მემარცხენე ან მემარჯვენე ძალების პოპულიზმის გავლენის ქვეშ არ იყოს და ცენტრში სიმყარე შეინარჩუნოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ამ პროგრამაში ციფრები არ არის, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ვხედავ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ლარის კურსზე პირდაპირ მოქმედებს. საქმე ისაა, რომ ფუნდამენტური საკითხები შესასწავლია, ხოლო ამ პროგრამით კიდევ ერთხელ არის გაცხადებული, რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა და მისი განსაზღვრა მხოლოდ ეროვნული ბანკის საქმე არ არის, ეს პარლამენტის საქმეცაა და პარლამენტი ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმ პროცესებში, როგორიცაა ინფლაციის პარამეტრის დადგენა და ფულის მასის ზრდა“, – განცხადა ჭკუასელმა.