ასოცირების საბჭო - ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა
ასოცირების საბჭო - ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ აღდგენას „კოვიდ-19“-ის კრიზისიდან და მშპ-ის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც საშუალება მისცა, კარგად გადაეტანა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებული შოკი, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვის ინსტრუმენტული როლი და ხაზი გაუსვა მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის გარანტიის მნიშვნელობას.

„ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის მუდმივ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაჭრობისთვის დაბრკოლებების შემდგომი შემსუბუქების საქმეში და ხაზი გაუსვა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მიღწეულ შეთანხმებას „პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის“ შემუშავებაზე მუშაობის დაწყებაზე, აღიარა აქამდე მიღწეული კარგი პროგრესი „პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის“ შინაარსზე შეთანხმების მიმართულებით და ხაზი გაუსვა მასში ჩამოთვლილი ქმედებების სათანადო განხორციელების მნიშვნელობას „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ განხორციელების გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.