მიხეილ ჭკუასელი - ინფლაციის სამპროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკა ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს
მიხეილ ჭკუასელი - ინფლაციის სამპროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკა ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს

ინფლაციის სამპროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკა ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა დღევანდელ გადაცემაში განაცხადა.

გადაცემაში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ბიზნეს სექტორისთვის მთავარ გამოწვევად ისევ ლარის კურსი რჩება. ჭკუასელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის ხვალ დაგეგმილ სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა მზარდ ინფლაციაზე ზემოქმედება მოახდინოს, რაც არაპირდაპირ ლარის კურსზეც მოახდენს გავლენას. ჭკუასელი წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას ელოდება. 

„ხვალ არის ფულად-საკრედიტო კომიტეტის სხდომა და პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უნდა ველოდოთ. ეს ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომ ლარის კურსზე, უფრო ზუსტად კი ინფლაციაზე ზეგავლენა მოახდინოს. დღეს კი ვამბობთ, რომ ინფლაცია 4.6 პროცენტია, საიდანაც როგორც სტატისტიკის სამსახური ანგარიშობს, 3.9 პროცენტია ინფლაცია და 0.7 პროცენტიანი ზრდა თამბაქოზე აქციზის მატებამ გამოიწვია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ ინფლაციის დაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედი გვაქვს. კატეგორიულად არ ვეთანხმები, სამომხმარებლო კალათის არსებულ სტრუქტურას. ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის შემცველია ინფლაციის სამპროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის არსებული პოლიტიკა. ჩემი აზრით, სამპროცენტიანი მაჩვენებელი ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რბილად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს არის სადისკუსიო თემა“, – განაცხადა ჭკუასელმა.

ამასთან, გადაცემის თანაწამყვანი ვარაუდობს, რომ თუ მონეტარული პოლიტიკა მართლაც გამკაცრდება და არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორებიც შენარჩუნდება, ლარის კურსი წლის ბოლომდე სულ მცირე 10 პროცენტით უნდა გამყარდეს.

„ვფიქრობ, რომ მოცემულ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ინფლაციაზე პირდაპირ ზეგავლენას მოვახდენთ, მაგრამ ეს გარკვეულწილად ლარის კურსზე არაპირდაპირი ზემოქმედების საშუალებაც იქნება. ყველა თეორიული გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ თუ ჩვენ არსებული ფუნდამენტური მაჩვენებლების შენარჩუნებას შევძლებთ და მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ, მაშინ ლარის კურსი მიმდინარე წლის ბოლომდე როგორც მინიმუმ 10 პროცენტით უნდა გამყარდეს“, – განმარტა მიხეილ ჭკუასელმა.