მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გრუშევსკის სახელობის სკოლაში უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ღასან ხალილს გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაში არის აღნიშნული.
უწყების ცნობით, მიხეილ ჩხენკელი და ღასან ხალილი უკრაინულენოვან სექტორზე მიმდინარე სასწავლო პროცესს პირადად გაეცნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად, უპრეცედენტოდ მცირე დროში, ზუსტად ორ კვირაში თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, უკრაინელი მოსწავლეები ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო“ შეისწავლიან. მინისტრის თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორისთვის შეარჩია კვალიფიციური პედაგოგები, რომელთა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. უკრაინულენოვან სექტორზე ამ დროისათვის 130 უკრაინელი მოსწავლე სწავლობს.
მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და ამ დროისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 430 მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას. თავის მხრივ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისა და საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნებისთვის.