მიხეილ ჩხენკელმა ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთობლივი, ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის „რენ 1“ უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით დაარსებული ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში ამოქმედდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავიდ ტერტიე.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვის სასიხარულოა, რომ დღეს ვიმყოფები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მაქვს შესაძლებლობა, მოგილოცოთ ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს ორმაგი ხარისხის პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ქართულ უნივერსიტეტებში შევთავაზოთ, რაც საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელ ნაწილად აქცევს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
2020-2021 სასწავლო წელს პირველად სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგულ ერთობლივ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 12-მა სტუდენტმა აირჩია, რომლებიც დასრულების შემდეგ ორმაგ – ქართულ-ფრანგულ დიპლომს მიიღებენ.
პროგრამაზე სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგ კოლეგებთან ერთად ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ მინისტრს, ელჩსა და მიწვეულ სტუმრებს ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი, სურსათის უვნებლობის, მიკრობიოლოგიისა და ბიოლოგიის უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა, სადაც ქართულ- ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.
2018 წლიდან, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ფრანგულ მონპელიე „სუპაგროსთან“. თანამშრომლობა ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის – „მეღვინეობა და მევენახეობა“ დანერგვას ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში სტუ-ში სამაგისტრო პროგრამა – „მევენახეობა და მეღვინეობა“ ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის – Europeam Master of Science of Viticulture and Enology – კონსორციუმის წევრი გახდება.
ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.