საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია გახსნა, რომლის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“ (Health, as a Global Challenge).
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სიმსივნის მკურნალობასა და ამ მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე.
„საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ (GGSB) ხელს უწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ქართველი და გერმანელი სტუდენტებისა და მეცნიერების მიერ ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზით.
„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“. ამ მხრივ ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლა წარმოადგენს.
სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ კონფერენციას საერთაშორისო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ბატონ ბიძინას და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
ვამაყობ, რომ მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებებისგან განკურნებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. მოხარული ვარ, რომ კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა. ეს შეხვედრა იქნება პლატფორმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების მიმართულებებისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტების განსახილველად.
ძვირფასო მონაწილეებო, მინდა გისურვოთ ნაყოფიერი შეხვედრები, ლექციები და საინტერესო განხილვები. მსურს, ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელი კონფერენცია, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს, როგორც „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონსორციუმის წევრი, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
დიახ, არსებობს გლობალური გამოწვევები, მაგრამ ამავდროულად ჩვენს ხელთ არის მეცნიერება, როგორც მძლავრი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს“, – განაცხადა ჩხენკელმა.
„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მათ შორის: დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, იულიხის მეცნიერებათა ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის, აახენის, იენისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და პროფესორები.
2022 წლის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონფერენციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 12-14 სექტემბერს მასპინძლობს. კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს ჩაატარებენ ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით. მათ შორის, აღსანიშნავია ევროპის ონკოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარის, პროფესორ რობერტო ორეკიას საჯარო ლექცია, რომელიც ადრონული თერაპიისა და ზუსტი ონკოლოგიის პერსპექტივებს შეეხება.
„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის პარალელურად დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ჩატარება, სადაც განხილული იქნება უნივერსიტეტის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე იგეგმება უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებებსა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტებზე მსჯელობა.