მიხეილ ჩხენკელმა პროექტ „ტელესკოლის“ შესახებ „მაიკროსოფტის“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია „მაიკროსოფტის“ (Microsoft) მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლაზე“ ისაუბრა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა.
მინისტრის თქმით, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ ორი ძირითადი მიმართულებით იმოქმედა: „მაიკროსოფტის“ პროდუქტების გამოყენებით სკოლებში ონლაინსწავლება დანერგა და დაიწყო მასშტაბური პროექტი „ტელესკოლა“.
განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“ (TV-School), რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.
მინისტრის თქმით, პროექტს, რომელიც „პირველი არხი – განათლების“ ეთერში გადის, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სატელევიზიო გაკვეთილებს, რომლებიც ყველა კლასის ყველა საგანში ტარდება, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ. სწორედ ასეთი წარმატების გამო პროექტი „ტელესკოლა“ პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს საქმიანობის მომდევნო ეტაპი და ამბიციური გეგმაა, „მაიკროსოფტთან“ (Microsoft) ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის, „მაინქრაფტ ედუქეიშენ ედიშენის“ (Minecraft Education Edition) დანერგვა, ეტაპობრივად კი პროგრამა ყველა სკოლაში დაინერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტიანსა და საინტერესოს გახდის.
მინისტრმა უმაღლესი განათლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი გაძლიერდება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესის სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას როგორც დისტანციური სწავლების, ასევე, „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.
„მაიკროსოფტის“ (Microsoft) მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მონაწილეობდნენ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტი ლიდერი.