მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული სიახლეები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ ახალ ინიციატივებსა და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც ამ სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული.
„პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, კერძო კომპანიები აქტიურად ჩაერთვნენ სამუშაო ძალის მომზადებაში“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიის შესწავლასთან ერთად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. კურსდამთავრებულები ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის ასოცირებული ხარისხის პროგრამები და კრედიტების აღიარების მექანიზმი დაინერგება, ასევე გაიზრდება პროფესიული განათლების დანერგვის მასშტაბი საჯარო სკოლებშიც.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის დანერგვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 2021 წლიდან კი სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.
პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსა და დაგეგმილ სიახლეებზე, კერძოდ: მომდევნო წლებში დაგეგმილია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა; წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისი ეროვნული ჩარჩო; ევროპული ჩარჩოს ინდიკატორებზე დაყრდნობით დაინერგა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები; მიმდინარეობს კოლეჯების ქსელის განვითარება მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმში, წყალტუბოში; დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო დონის პროფესიული კოლეჯების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. მაგალითად, კახეთში ღვინისა და კულინარიის კოლეჯები, დუშეთში ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში საინჟინრო მიმართულების ცენტრი.
„2021 წლიდან საქართველოს პროფესიული განათლება გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს. საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების ახალი ეტაპი“,– განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა.
პროფესიული განათლების შესახებ საუბრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა იმ მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის მიერ 70 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გულისხმობს საქართველოში პროფესიული განათლების განსავითარებლად. პროგრამა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის“ ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მიზნად ისახავს საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. შემუშავებული მოდელი გულისხმობს ყველა საგანმანათლებლო სივრცის, მათ შორის, სკოლების ოპტიმალურ გამოყენებას საქართველოს მოქალაქეებისთვის თანამედროვე პროგრამების შესათავაზებლად.