მიხეილ ჩხენკელმა მეორე სვირის საჯარო სკოლის მასწავლებელს 90 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი, ცისანა ჭაბუკიანი მოინახულა და 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა, – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრმა მადლობა გადაუხადა პედაგოგს დაუღალავი შრომისთვის, თაობების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.
გერმანული ენის მასწავლებელი ცისანა ჭაბუკიანი მეორე სვირის №1 საჯარო სკოლას დაარსების დღიდან, 1958 წლის პირველი სექტემბრიდან, ემსახურება. სკოლის დაარსებაში თავადაც უდიდესი წვლილი მიუძღვის, აღზრდილი ჰყავს მრავალი თაობა. ღვაწლმოსილ პედაგოგს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო, მათ შორის, ღირსების ორდენი და იაკობ გოგებაშვილის მედალი“,- ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.