მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა KfW-ის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულების მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ღვინის საერთაშორისო სკოლის განვითარების პროექტის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. მისი თქმით, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირდება სამინისტროს ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.
ამასთან, მიხეილ ჩხენკელმა ასევე ვრცლად ისაუბრა უნარების სააგენტოს The Skills Agency of Georgia შესახებ, რომელიც სამინისტრომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დააარსა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სააგენტო ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას, უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს და, საბოლოო ჯამში, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამშენებლო კოლეჯისა (ექსელენს ცენტრის) და სამომავლოდ დაგეგმილი დუშეთის ტურიზმის სკოლის პროექტებზე, განიხილეს მათი განვითარების ეტაპები და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა, თბილისის ოფისის ახალი დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესი და სხვა წარმომადგენლები, გერმანიის საელჩოს თანამშრომლები და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.