საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პრეზიდენტს ჯოიბრატო მუხერჯის უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პიტერ ფიშერი და DAAD-ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და პირადად გერმანიის ელჩს საქართველოში განათლების ყველა საფეხურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი, უწყვეტი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD), ისევე როგორც სხვა გერმანულ ორგანიზაციებთან პარტნიორობა პროდუქტიული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენს. მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქართულ და გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით. ამ მიმართულებით კი, აღსანიშნავია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მეცნიერების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა თბილისში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, DAAD-ის რეგიონული ოფისი ხელს უწყობს სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას სამხრეთ კავკასიასა და გერმანიას შორის, რაც მიმართულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციისკენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სტუდენტებმა, დოქტორანტებმა და მკვლევრებმა სწავლა მდიდარი აკადემიური ისტორიის ქვეყანაში გააგრძელონ.
მინისტრმა სტუმრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რითაც უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, ეს მიდგომა ნარჩუნდება და კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით აკადემიური პროგრამების შექმნაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს.
მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ასრულებს, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის გერმანიის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და, ასევე, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.
მინისტრის თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან – დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა გერმანელ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო.
აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.
თავის მხრივ, DAAD-ის პრეზიდენტმა ჯოიბრატო მუხერჯიმ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტი. მისი თქმით, ის ამაყობს, რომ გერმანიის სამეცნიერო საზოგადოება ამ უნიკალური უნივერსიტეტის ნაწილია და გერმანული მხარე ასე აქტიურად არის ჩართული მისი განვითარების საქმეში.
შეხვედრისას სტუმარმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მხარდაჭერისთვის და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. ჯოიბრატო მუხერჯიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მნიშვნელობაზეც.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა პიტერ ფიშერმა კი, საქართველოსთან პარტნიორობას სამაგალითო უწოდა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი. DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. მათ შორის – ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას და გერმანული მხარის ჩართულობით ტრინაციონალური ერთობლივი პროგრამების განხორციელებას საუნივერსიტეტო დონეზე. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, ასევე, ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას გერმანიაში სწავლისა და კვლევის
შესაძლებლობების, DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამების, გერმანიაში დაფინანსების მოპოვების, სასტიპენდიო კონკურსების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების შესახებ.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.