მიხეილ ჩხენკელმა ციურიხში ენათმეცნიერ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად, ქალაქ ციურიხში ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის ღვაწლსა და საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
„მაქვს პატივი, მონაწილეობა მივიღო გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნის საზეიმო ცერემონიაში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მისი სახელობის დაფა დღეს აქ, ციურიხში სწორედ იმ სახლის ფასადზე განთავსდა, სადაც ენათმეცნიერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. პროფესორი კიტა ჩხენკელი მსოფლიოში აღიარებული ლინგვისტი გახლდათ. მისი ოცნება იყო, ევროპელებს გაეცნოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და შეესწავლათ ქართული ენა. დაუღალავი შრომისა და თავდადების შედეგად კიტა ჩხენკელის ოცნება ახდა – სწორედ მისი ძალისხმევით ციურიხის უნივერსიტეტში შეიქმნა ქართული ენის კათედრა, რომელიც მალევე იქცა ქართველოლოგიის მძლავრ ცენტრად. აქ აღიზარდნენ დარგის შესანიშნავი, უმაღლესი რანგის შვეიცარიელი სპეციალისტები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღდგეს და განვითარდეს. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კიტა ჩხენკელის საქმიანობას ქართული ენის სახელმძღვანელოსა და ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემის მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართველოლოგიის ისტორიაში. საკუთარი სამეცნიერო საქმიანობით კიტა ჩხენკელმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. როგორც მოგეხსენებათ, წელს საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და სიმბოლურია ისიც, რომ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა. პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა უკვდავყოფს მის ხსოვნასა და ფასდაუდებელ მემკვიდრეობას“, – განაცხადა ჩხენკელმა.
ქართველი ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა ციურიხში იმ შენობის ფასადზე განთავსდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1963 წლამდე ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ამავე შენობაში მდებარეობდა ქართული გამომცემლობა „ამირანი“, სადაც კიტა ჩხენკელის ჩამოსხმული სასტამბო შრიფტით იბეჭდებოდა მისი ნაშრომები და ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშები.
ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.