მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.
„შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა შეაჯამა ლონდონში, „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში გამართული ის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები, რომლებიც ბრიტანულ საგანმანათლებლო და საგამომცემლო ორგანიზაციებთან შედგა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების სივრცეში მოხდეს ბრიტანული მსხვილი საგამომცემლო ორგანიზაციების ინტეგრირება. მიხეილ ჩხენკელმა ჯასტინ მაკენზი სმიტს გააცნო ხედვა ელექტრონული წიგნების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ ეტაპზე. ციფრული სახელმძღვანელოების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებს მასალის წაკითხვასთან ერთად წვდომა ექნებათ მულტიმედიურ ინტერაქტიულ რესურსებზე, როგორიც არის თვითშეფასების ტესტები, ვირტუალური ლაბორატორიები და სხვა აპლიკაციები. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ იდეის განხორციელების პროცესში წამყვანი ბრიტანული საგანმანათლებლო და საგამომცემლო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვებიან.
მიხეილ ჩხენკელმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ლონდონში მის ნაყოფიერ ვიზიტს შედეგი უკვე მოჰყვა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელის PortsmouthCollege-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აღნიშნულ კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ და სხვადასხვა გაცვლით პროგრამას განახორციელებენ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
უწყების ცნობით, შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა სურვილი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლების კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდეს. მინისტრმა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისათვის და ამ პროცესში განსაკუთრებულად გამოყო ბრიტანეთის საბჭოს წვლილი. თავის მხრივ, ჯასტინ მაკენზი სმიტმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.