მიხეილ ჩხენკელი - ვიხილავთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გაითვალისწინონ სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან
ჩვენ ვიხილავთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, ასევე კლასგარეშე მუშაობა, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია და საქართველოსაც შეუძლია, ამერიკული სისტემის მსგავსი მოდელი დანერგოს.
„ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია. ეროვნული გამოცდების ფორმა, რომელიც ახლა გვაქვს, აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არა მხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს უფრო აზროვნებაზე, ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე, გამოცდების დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს უფრო შემოქმედებით მიდგომაზე, ფიქრზე, ვიდრე ფაქტების ცოდნაზე.
ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს უკვე აქვს თავისუფლება, ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი ზღვარი, სტანდარტი თავად დააწესოს. ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წელს პირველ მიღებაზე ყველაზე მაღალი ზღვარი ჰქონდა საქართველოში. ეს ავტონომიური ნაწილი უნივერსიტეტბს უკვე გააჩნიათ.
ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ეროვნული გამოცდების ანალოგის გარდა, ითვალისწინებენ სხვა მომენტებსაც, მაგალითად, სკოლის საშუალო ნიშანსაც და თვითონ სკოლის ნიშნის ფასი, მნიშვნელობაც აწეულია. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, შესაძლებელია, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, ასევე კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება. ამერიკაში ეს დიდი ხანია, აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს ამერიკის უმაღლესებისთვის, ჩვენც შეგვიძლია, ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.