მიხეილ ჩხენკელი - ველოდებით ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების უსწრაფესად გამოძიებას
მე, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, ველით შესაბამისი ორგანოებისგან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების უსწრაფესად გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდება.
„საშინელი ტრაგედია მოხდა გუშინ. პირველ რიგში, მინდა მთელი გულით მივისამძიმრო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებს და მე ისევე როგორც მთელი საზოგადოება, ველით შესაბამისი ორგანოებისგან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების უსწრაფესად გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას. გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ყველანი ველოდებით შედეგებს“, – განაცხადა ჩხენკელმა.
გუშინ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი მოზარდი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა. მოსწავლე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა. გარდაცვლილს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. მას ბოლნისში, საკუთარ სახლში დღეს გადაასვენებენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.