მიხეილ ჩხენკელი - უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელი გადაიხედება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტები არ უნდა ოპერირებდნენ, როგორც კერძო უნივერსიტეტები.
ამის შესახებ მან პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელი გადაიხედება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ვაუჩერულ სისტემას აქვს თავისი პლუსები, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც.
„ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, სახელმწიფო უნივერსიტეტეტების საბაზისო დაფინანსებაა, რამეთუ სახელმწიფო უნივერსიტეტები არ უნდა ოპერირებდნენ, როგორც კერძო უნივერსიტეტები. რეალობა ასეთი გვაქვს, რომ მათი შემოსავლის ძირითადი ნაწილი არის სტუდენტების მიერ სწავლისთვის გადახდილი თანხა, რაც ბევრ პრობლემას ქმნის იგივე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტებში თანხები არ რჩება, რომ სერიოზულად განხორციელდეს სამეცნიერო კვლევები. ჩხენკელის განცხადებით, მსოფლიო ბანკთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და ბანკის აზრით, ფაკულტეტებზე სწავლის გადასახადი არ უნდა იყოს ერთი და იგივე, და სპეციალობის მიხედვით უნდა იყოს განსხვავებული.
„ამდენად დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ბანკთან ერთად, გვექნება დაფინანსების კონკრეტულ მოდელებზე საუბარი და ამის საჯარო განხილვაც მოეწყობა, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ეფექტური ფინანსირება და რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული იქნება ასევე სტუდენტების გრანტებთანაც“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.