სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობით დაინტერესდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია გააცნო.
შეხვედრის დროს მხარეებმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
„დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დეტალურად გავაცანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტები. მათზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ერთი მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელეს ამ პროექტებში. სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ინტერესი, რომ მათი უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები აქტიურად ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესსა და ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში“ ,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.