მიხეილ ჩხენკელი - როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებისთვის ერთიანი სტანდარტი იქნება გამოყენებული
სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული იქნება მხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი აკადემიური ხარისხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა.
„ზოგადად, უნივერსიტეტების ავტორიზაციასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტების მონიტორინგი ავტორიზაციის კუთხით გაგრძელდება. რასაკვირველია, თუ აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტი გარკვეულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მოხდება შემდეგი რამ – ჩვენ შევაფასებთ, აქვს თუ არა კონკრეტულ უნივერსიტეტს იმის შესაძლებლობა, რომ აღმოფხვრას ესა თუ ის პრობლემა. თუ დავინახეთ, რომ უნივერსიტეტს აქვს ამის მზაობა და ამის პოტენციალი გააჩნია, მათ მიეცემათ გონივრული ვადა, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრან და შემდეგ მოხდება მათი შემდგომი მონიტორინგი. მაგრამ იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ავტორიზაციის სტანდარტს და ასევე პოტენციალი არ გააჩნიათ, რომ სიტუაცია გამოასწორონ, შეუჩერდებათ აკრედიტაცია. სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული იქნება მხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი აკადემიური ხარისხი. პირველ რიგში, ეს კეთდება სტუდენტებისთვის და კიდევ ერთხელ სტუდენტების გასაგონად მინდა ვთქვა – კარგად მესმის, ძნელი მოსასმენია, რომ მათ უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია, ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ საერთო ჯამში ეს კეთდება მათთვის. ჩვენ გვსურს, რომ ყოველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების შეფასება ეხება აკადემიურ პროგრამებს, პირველ რიგში, უნივერსიტეტი ავტორიზაციის დროს აკადემიური ხარისხის კუთხით ფასდება.
მისივე განმარტებით, დეტალური ინფორმაცია და საბჭოს ოქმი, ასევე მონიტორინგის შედეგები ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
„ეს არ იქნება მხოლოდ კერძო უნივერსიტეტების მიმართ. მონიტორინგი ჩატარდება ყველგან. ზოგ უნივერსიტეტს, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წელს გეგმური ავტორიზაცია უწევს. ასე რომ, კრიტერიუმი არის ყველასთვის ერთი. აქ არ არის განსხვავება კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ერთი და იგივე სტანდარტის გამოყენება მოხდება როგორც სახელმწიფო უნოვერსიტეტისთვის, ასევე კერძო უნივერსიტეტებისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ.