განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ცენტრის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს.
„2022 წელს უმაღლესი განათლების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მსურს, განსაკუთრებით გამოვყო უმაღლესი განათლების სისტემის მეგაპროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დაარსებაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც დასტურია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.
როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. არსებული მიდგომა ნარჩუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად იქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
განსაკუთრებით მსურს, გამოვყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, მენეჯმენტში, ბირთვულ ფიზიკასა და ფიზიკაში, რომელიც აახენის უნივერსიტეტთან, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის, იულიხის მეცნიერებათა და GSI მძიმე იონების კვლევის ჰელმჰოლცის ცენტრებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
აღსანიშნავია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო და ლუვენის უნივერსიტეტებთან, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიზნით“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში საგანმანათლებლო-კვლევითი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურის განვითარება.
მისი განცხადებით, კომპანია კარლ-ცაისთან ხელშეკრულების ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო თანამედროვე სასწავლო ციფრული მიკროსკოპიის ლაბორატორია, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მულტიდისციპლინურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება შეიძინონ.
„აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში, ქართველებთან ერთად, ჩართულნი არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. შედეგად, ქუთაისში ყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, თავის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით შექმნას ძლიერი მეწარმეობა.
„უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: სიმენსი, ჰილტი ჯგუფი, დელოიტი, პეპ-დიზაინი, ევროპის აერონავტიკის კომპანია (EADS), გერმანიის ბიზნესასოციაცია (DWV), ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, საქართველოს ბიზნესასოციაცია და ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში“, – განაცხადა ჩხენკელმა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრზე, რომლის განსავითარებლად, მისი თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. წილად მხვდა პატივი, ირაკლი ღარიბაშვილსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში. ადრონული თერაპიის ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ, მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით შენდება. კომპანიამ ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო – გასული წლის ბოლოს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ციკლოტრონების აწყობის პროცესს ბრიუსელში პირადად გავეცანი. ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით კი, ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, დიდ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში – მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წლის ბოლოს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს მთავარ მეცნიერთან (NATO Chief Scientist) და ნატო-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან პირადად განიხილა ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების პერსპექტივები.
„აღსანიშნავია, რომ ნატო-ს მთავარმა მეცნიერმა დიდი ინტერესი გამოხატა ამ უნიკალური პროექტის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა“, – აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამეცნიერო კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ბოლო წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
„მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ში ვიზიტისას პირადად შევხვდი ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვან პროფესორებს – თომას ბორტფელდსა და ბენჯამინ კლასის და მათთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების ჩართულობის საკითხები განვიხილე. სასიხარულოა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ცენტრის სამეცნიერო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას და ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, მიმდინარე წელს, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ბრიუსელში გამართული რადიაციისა და ონკოლოგიის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, ამერიკისა და ევროპის წამყვან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს პირადად მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ.
„პატივი მქონდა, პირადად შევხვედროდი ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის, მაიამის კიბოს კვლევის ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგიის, MGH-ის პროტონული თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელ პირებს, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვან პროფესორებს, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის რადიაციული კვლევებისა და ონკოლოგიის ცენტრისა და ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩაერთვებიან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.