მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებასა და ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო კვლევით პროცესში ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები ჩაერთვებიან
მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებასა და ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო კვლევით პროცესში ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები ჩაერთვებიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებასა და ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო კვლევით პროცესში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი – ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები ჩაერთვებიან, – ამის შესახებ განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორთან ბერნარდ კულისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორთან, რომელსაც დეტალურად მოვუყევი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ. ის ძალიან დაინტერესდა ამ პროექტებით და პირობა მოგვცა, რომ ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები აქტიურად ჩაერთვებიან როგორ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში, ისე ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო კვლევით პროცესში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდა.

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ქართული დელეგაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.