მიხეილ ჩხენკელი - პროფესიული განათლების კუთხით მრავალი გამოწვევაა და მათზე საპასუხოდ კონკრეტული გზები დავსახეთ
პროფესიული განათლების კუთხით მრავალი გამოწვევა არსებობს და ამ გამოწვევებზე საპასუხოდ კონკრეტული გზები დავსახეთ, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც პროფესიულ განათლებას გააჩნია, ფსიქოლოგიური ხასიათისაა, რადგან მშობლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი შვილების წარმატებისთვის საუნივერსიტეტო განათლება და უნივერსიტეტის დიპლომის ქონაა საჭირო, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის და ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადასალახად განათლების სამინისტროს კონკრეტული მიმართულებები აქვს დასახული.
„მინდა, გამოვყო ოთხი მთავარი მიმართულება. პირველი ესაა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. დაწყებული გვაქვს საინფორმაციო კამპანია, რომელიც გაგრძელდება და გაძლიერდება, რათა პროფესიული განათლების პლუსები თითოეულ ოჯახს კარგად ვანახოთ. კონკრეტული ადამიანების ისტორიების ჩვენებით ჩვენ მეტი აბიტურიენტის დაინტერესებას შევძლებთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეორე ძირითადი მიმართულება პროფესიული კოლეჯების საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებაა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები დაფუძნდება, ამ კოლეჯების სტუდენტები საუნივერსიტეტო სივრცის ნაწილი იქნებიან, პროფესიულ მომზადებას გაივლიან და ყველა იმ სიკეთით ისარგებლებენ, რაც საუნივერსიტეტო სივრცეს გააჩნია.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მესამე მიმართულება პროცესში ბიზნესის ჩართულობის გაზრდაა.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს საუბარი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებსაც ვთავაზობთ, თავიანთი კომპანიების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები შექმნან. ეს მათ ძალიან წაადგება, რადგან საშუალება ექნებათ, საუკეთესო სტუდენტები, თუ კურსდამთავრებულები შეარჩიონ და თავიანთ კომპანიებში დაასაქმონ. ეს პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტთა რაოდენობას გაზრდის, რადგან კომპანიები აბიტურიენტებს წინასწარ ეტყვიან, რომ საუკეთესო კურსდამთავრებულებს მათთან დასაქმების შანსი ექნებათ“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალ კანონპროექტში ასახულია მეოთხე მიმართულება – ინტერნაციონალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„როცა აბიტურიენტი საუნივერსიტეტო პროგრამას არჩევს, თუ რომელ ფაკულტეტზე და პროგრამაზე ჩააბაროს, ამ დროს გაცვლითი პროგრამები უაღრესად დიდ როლს თამაშობს. პროფესიულ კოლეჯებში აქამდე გაცვლითი პროგრამები საერთოდ არ არსებობდა. ამიტომ, მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია აუცილებელი კომპონენტია. საინტერესო მოლაპარაკებები შედგა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წამყვან კოლეჯებთან, რომლებმაც სრული მზადყოფნა გამოთქვეს, ჩვენი პროფესიული კოლეჯების პედაგოგები და სტუდენტები მიიღონ, რაც მათთვის უნიკალური შანსი იქნება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.