მიხეილ ჩხენკელი - მომავალ ორშაბათს მზად იქნება ერთგვარი სამედიცინო რეზერვი, ბაზა უფროსკურსელთა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან
მიხეილ ჩხენკელი - მომავალ ორშაბათს მზად იქნება ერთგვარი სამედიცინო რეზერვი, ბაზა უფროსკურსელთა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან

შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დაიწყო პროცესი უფროსკურსელებისთვის სწრაფი სპეციალური კურსის გავლის, რომ მათ ჰქონდეთ მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ექიმებს დაეხმარონ კოვიდსიტუაციის მართვის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ ორშაბათს უკვე მზად იქნება ერთგვარი სამედიცინო რეზერვი, ბაზა უფროსკურსელთა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან.

„მოგეხსენებათ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დაიწყო პროცესი უფროსკურსელებისთვის სწრაფი, სპეციალური კურსის გავლის, რომ მათ ჰქონდეთ მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ექიმებს დაეხმარონ კოვიდსიტუაციის მართვის მიმართულებით. შესაბამისად, მომავალ ორშაბათს, უკვე ერთგვარი სამედიცინო რეზერვი, ანუ უფროსკურსელთა ბაზა, რომლებმაც გაიარეს ეს ტრენინგი, უკვე მზად იქნება. ეს იქნება ბაზა იმ უფროსკურსლეების, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.

მიმართულების იდენტიფიკაცია მოხდება იმის მიხედვით თუ, რა საჭიროება იქნება კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ აქ შედის, როგორც ქოლცენტრში თანამშრომლობა, ასევე, კოვიდსასტუმროში ან საკარანტინო სივრცეებში. მაგრამ, ცხადია უფროსკურსელი სტუდენტები ექიმს არ ანაცვლებენ, უბრალოდ ეხმარებიან და ასისტირებას უწევენ ჩვენს ექიმებს. ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს მომზადება უფროსკურსელების. ცხადია, ესენი იქნებიან მოხალისეები, მოხალისეთა ბაზა და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ექიმებს დაეხმარებიან. ეს მათი ცოდნისთვისაც მნიშვნელოვანია, ასე რომ, ყველა უფროს კურსელი ამას გაივლის, როგორც ცოდნისთვის, მაგრამ რაც მთავარია, საჭიროება თუ გაჩნდა და ექიმებს დახმარება დასჭირდათ, რომ ასისტენტები ჰყავდეთ, შესაბამისად, ჩვენი უფროსკურსელები ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.