მიხეილ ჩხენკელი - გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ სკოლის პერსონალი მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე სიმართლის დადგენას. განათლების მინისტრი გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.
ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა.
ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადა არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას, სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.