მიხეილ ჩხენკელი - დღეს უმთავრესი ამოცანა განათლების ხარისხის ამაღლება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ყველა დონეზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მინისტრის აზრით, დღეს განათლების სისტემის განვითარების უმთავრესი ამოცანა განათლების ხარისხის ამაღლება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და განათლების თითოეულ დონეზე ინკლუზიის უზრუნველყოფაა.
ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის ზოგადი განათლების კუთხით არსებული პრობლემების დასაძლევად, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სოფლის სკოლების საგანმანთლებლო ცენტრებად გარდაქმნაზე, რაც საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო ენის შესწავლას დაეთმობა. თუმცა, მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა ზრდასრულ მოსახლეობასაც შეეძლება.