მიხეილ ჩხენკელი - ბავშვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტს ქვემოთ ჩამოვა, ისინი საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან
სკოლები ყოველმხრივ არიან მზად, ასევე ჩვენი სისტემა მზად არის ყველა სცენარისთვის, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ქვემოთ ჩამოვა, ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან.
„მე შეხვედრა მქონდა იუნისეფის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან. დღესდღეობით საქართველოში 90% შტამებისა არის დელტა. დელტას სამიზნე, როგორც უკვე აღვნიშნე, არიან ბავშვები და ახალგაზრდები. ცხადია, მე პირველი ვარ იმის მომხრე, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. მაგრამ მთავარი, სკოლები ყოველმხრივ არიან მზად, ასევე ჩვენი სისტემა მზად არის ყველა სცენარისთვის. აქ კრიტერიუმები არის სულ სხვა და მდგომარეობს იმაში, რომ პანდემიის დონე, ანუ ინფიცირების დონე არის ძალიან მაღალი. ის რაც 4%-ზე მაღალია და ამაში სრული თანხმობა გვაქვს იუნისეფის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არ არის არაფერი. შესაბამისად, მთავარი კრიტერიუმი ეს არის ბავშვების ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ამიტომ არის ეს 4%-იანი ინფიცირების მაჩვენებელი წყალგამყოფი და ამ კრიტერიუმით ვსარგებლობდით ჩვენ, რაც პანდემია დაიწყო. შესაბამისად, იუნისეფი ამას სრულად იზიარებს და მინდა გითხრათ, რომ როგორც კი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა მაჩვენებელი, ბავშვები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში, რისი მზაობაც სასკოლო სისტემას აქვს სრულად და იქ სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული.
თავის მხრივ, განათლების მინისტრმა მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა. ამასთან, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 12 წელს ზემოთ ასაკში ვაქცინაციაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მსჯელობენ და საქართველო მისგან რეკომენდაციას ელოდება.
„როგორც იცით, იხილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში 12 წელზე ზემოთ ბავშვების აცრის საკითხი. როგორც ვიცი ჩვენი NCDC-სგან, როგორც კი მიიღებს ჯანმო გადაწყვეტილებას და ნებადართული იქნება 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა, ეს მოხდება საქართველოშიც. მინდა, ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას აცრისკენ, რადგანაც აცრა ეს არის თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პანდემიის დროს. რასაკვირველია, ხაზი უნდა გავუსვა პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას“, – აღნიშნა ჩხენკელმა.