მიხეილ ჩხენკელი - ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება პროექტი „ევრიკა“, რომელიც სკოლებს საუნივერსიტეტო სივრცესთან დააახლოებს
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაინერგება ახალი, ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი „ევრიკა“, რომელიც სკოლებთან საუნივერსიტეტო სივრცის დაახლოებას მოახდენს, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენი უნივერსიტეტების წამყვან პროფესორ-მასწავლებლებს ვთხოვეთ, მოსწავლეებისთვის დამატებითი ონლაინ გაკვეთილები ჩაატარონ. მაგალითად, ქალბატონ მზექალა შანიძეს ვთხოვეთ, გაკვეთილები ჩაატაროს და ბავშვებს დაანახოს, თუ რატომ აირჩია ეს პროფესია და ენათმეცნიერებაში რამ მოხიბლა. ამ ტიპის გაკვეთილები ყველა დარგში ჩატარდება. ეს სახალისო, საინტერესო გაკვეთილები იქნება და არა სტანდარტული გაკვეთილები, რაც შემოქმედებით აზროვნებაზე იქნება ფოკუსირებული“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აკადემიური პროცესის ხარისხის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია სახელმძღვანელოები და საგრძნობლად გაუმჯობესდა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები, რომელთა გრიფირება თითქმის დასრულებულია.
„პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი თითქმის დასრულდა და სექტემბრიდან ამ კლასებში ახალი სახელმძღვანელოები შევა. გაისად, ზუსტად ამ დროს დავასრულებთ ახალი სახელმძღვანელოების გრიფირებას მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით და შემდეგ უკვე, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ახალი სახელმძღვანელოების შეტანა მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.