მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მიზანია, 2032 წლისთვის წლის განმავლობაში 100 000-მდე პირმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება
მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მიზანია, 2032 წლისთვის წლის განმავლობაში 100 000-მდე პირმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება

მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოს 2021 წელს პროფესიული განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები და სიახლეები გააცნო.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის პირველ ეტაპის (2013-2020) შესახებ, რომლის ფარგლებშიც ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა ეროვნული კვალიფიკაციებისა და ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ასევე ყურადღება გაამახვილა რეფორმის შემდეგ ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის განვითარების ხელშეწყობა. სამინისტროს მიზანია, 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის, მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა.

განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით მინისტრმა ისაუბრა 2021 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში (გორაბერეჟოული), ქედაში, ფოთსა და შუახევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნა. მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომობის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები და მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი დასაქმების უმოკლესი გზა პროფესიული უნარებით აღჭურვაა.

„აღსანიშნავია, რომ სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებისათვის. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნებული პროგრამების დასრულების შემდეგ სტუდენტები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს იღებენ. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რათა ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომზადება/გადამზადების პროგრამებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობის პოტენციალის გააქტიურება და კომპეტენციების განახლება.

„ყოველწლიურად გაიზრდება სახელმწიფო სასერტიფიკატო მომზადება-გადამზადების პროგრამების მიწოდების მასშტაბიც. გარდა ამისა, მჭიდროდ დაუკავშირდება ერთმანეთს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებიც. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ წელს გაორმაგდა და ეტაპობრივად კიდევ უფრო გაიზრდება საბაზო განათლების მქონე მოზარდებისთვის შეთავაზებული ადგილების რაოდენობა ინტეგრირებულ საშუალო პროფესიულ პროგრამებზე, რომლებიც, საშუალო განათლებასთან ერთად, მათ პროფესიის დაუფლების შესაძლებლობასაც აძლევს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროფესიულ განათლებაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ინტერნაციონალიზაციაზე და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე.

„ექვს წელიწადში ყველა სასწავლებელი იფუნქციონირებს ახალ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაში, რაც გაამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას. გარდა ამისა, წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. იგეგმება Erasmus პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზე. განვითარდება ექსელენს-ცენტრები (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, ინიციატივით, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, ინტერნაციონალიზაციის წარმატებული მაგალითია ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნება.

„წელს სამინისტროს მხარდაჭერით, აკადემია სტუდენტებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. დარწმუნებული ვარ, აკადემია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის მხარის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულინარიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერის გაძლიერება, რომელიც მიემართება საერთაშორისო დონის ორი ახალი სასწავლებლის განვითარებისკენ, როგორებიცაა: თელავის ღვინის სკოლა და დუშეთის ტურიზმის სკოლა. ასევე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, უკვე დაწყებულია თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარება.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული მასწავლებლის განვითარების ახალ მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, კვლავ განაგრძობს ზრდას.

მინისტრი საქართველოში საჯარო-კერძო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის წინაპირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობა, რაც საქართველოში სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს იძენს.

„2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს 40-ზე მეტი სექტორული ორგანიზაციის ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. მართვის აღნიშნული მოდელი უაღრესად დადებითად შეფასდა მრავალი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან, მათ შორის, ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მთავრობის, კერძოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმართული რეფორმის წარმატებას და სწორად აღებული გეზის მხარდასაჭერად გამოიყო მთელი რეგიონისთვის უპრეცედენტო გრანტი, 24 მლნ ევრო“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრი პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიასაც შეეხო, რომელიც 2021-2027 წლებსდაფარავს. მისი თქმით, პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მილიონ ლარს მიაღწევს.

„სტრატეგიის სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის საფუძველზე, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით. სტრატეგია ასახავს პროფესიული განათლების განვითარების ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდენციებს და მიზნად ისახავს მდგრადი, ინოვაციური და ინკლუზიური პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას. სტრატეგიის დამტკიცება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა.

დატოვე კომენტარი