მიხეილ ბენიძე - მთავრობის განკარგულება მნიშვნელოვანია, თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემას პრაქტიკაში მაინც ვაწყდებით
საარჩევნო თემასთან დაკავშირებით აქტივობებს მთავრობა პრაქტიკულად ყოველწლიურად მიმართავს, თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემას მაინც ვაწყდებით, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ მთავრობის განკარგულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად გამოსცა.
„როგორც მახსოვს, შარშანაც და შარშანწინაც მოუწოდა მთავრობამ საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით თვითმართველობებში დასაქმებულებს, თავი შეიკავონ აგიტაციაში მონაწილეობისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მხრიდან ასეთი მესიჯები ვრცელდება, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პრაქტიკაში მაინც ვაწყდებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემას, რაც საჯარო მოხელეების აგიტაციაში, კამპანიაში ჩართულობასა და მონაწილეობაში გამოიხატება. ბოლო ხანებში ასეთ პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საჯარო სივრცეში აგიტაცია, არამედ უკვე სოციალურ ქსელებსა და ონლაინსივრცეში“, – აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის დეკლარაციული მოწოდება, ცხადია, მისასალმებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არჩევნების პერიოდში ეს პრევენციულ როლს ნაკლებად ასრულებდა ან საკმარისად ეფექტურად ვერ ასრულებდა.
„იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საჯარო სამსახურების, საჯარო უწყებებისა და განსაკუთრებულად თვითმმართველობების მხრიდან ყურადღება უფრო მაღალი იქნება. ეს პრობლემა თვითმმართველობის საჯარო მოხელეებთან მიმართებაში გასულ წლებში უფრო არსებობდა. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საარჩევნო გარემოს კუთხით გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საჯარო სამსახურს, სახელმწიფოსა და პარტიას შორის უნდა არსებობდეს მკვეთრი ხაზი“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავრობის განკარგულება გამოიცა.
იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საჯარო სამსახურების, საჯარო უწყებებისა და განსაკუთრებულად თვითმმართველობების მხრიდან ყურადღება უფრო მაღალი იქნება