მიხეილ ბენიძე - საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევაა, ერთად უზრუნველვყოთ, რომ წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები იყოს თავისუფალი და მაღალი სტანდარტის
„იუესეიდის“, ჩვენი ამერიკელი თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევაა, უზრუნველვყოთ, რომ წინასაარჩევნო გარემო და შემდგომ არჩევნები იყოს თავისუფალი და მაღალი სტანდარტის, რადგან ეს იქნება გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ხაზი გაესვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც 2020 წლის არჩევნების წინ საქართველოს ელოდება. კერძოდ, ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემისა და რეფორმის საკითხს.
„უკვე დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ეს არის 2020-2021 წლის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სადამკვირვებლო მისია. ჩვენი საქმიანობა, რითაც სამართლიანი არჩევნები გამოირჩევა მთელი ამ წლების განმავლობაში არის არჩევნების დღის დაკვირვება, სოციალური მედიის მონიტორინგი და საარჩევნო რეფორმებში ჩართულობა. ბევრი საკითხი, რაზეც ისედაც ამ წლების განმავლობაში ვფოკუსირდებით. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ხაზი გაესვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც გველოდება 2020 წლის არჩევნების წინ. ეს არის საარჩევნო სისტემისა და რეფორმის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია, რომ მოგვარდეს. მალე გაირკვეს, რომ უკვე მომავალი წლის დასაწყისისთვის პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ აქტორებს ჰქონდეთ ძალიან მკაფიო წარმოდგენა, როგორ საარჩევნო გარემოში იწყება საარჩევნო ციკლი. შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნები მომდევნო წელს იყო მაქსიმალურად თავისუფალი, სამართლიანი და მაღალი სტანდარტების, რადგან ეს იქნება გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიისთვის და მომავალი განვითარებისთვის. სწორედ ამას ემსახურება Usaid-ის ჩართულობა და ჩვენი ამერიკელი თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, ასევე ადგილობრივი თუ სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ძალისხმევა, რომ ყველამ ერთად მაქსიმალურად უზრუნველვყოთ 2020-ის არჩევნებისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო და შემდგომ უკვე არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, მაღალი სტანდარტის, ისეთი, როგორც შეეფერება დასავლურ, დასავლეთისადმი გეზის მქონე ქვეყანას. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული ლაქა და ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოს განვითარებაზე. თუ ვერ უზრუნველვყავით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
„იუესეიდი“ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია, საერთაშორისო და ადგილობრივ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას. აღნიშნული პროგრამა ამერიკის მთავრობის დახმარებაა 2020-2021 წლების არჩევნებისა და შემდგომი პერიოდისთვის.
პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება.