„იუესეიდი“ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს
„იუესეიდი“ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

იუესეიდი“ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს.

ღონისძიება ​ სახელწოდებით „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ,  პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია, საერთაშორისო და ადგილობრივ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას. მათივე თქმით, ეს პროგრამა ამერიკის მთავრობის დახმარებაა 2020-2021 წლების არჩევნებისთვის და შემდგომი პერიოდისთვის.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციიდან სამი საერთაშორისო ორგანიზაციაა: საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES); საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI); ექვსი კი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP); აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG) და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TIG).

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ეს ორგანიზაციები სხვადასხვა პროექტების განხორციელებით ხელს შეუწყობენ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და გააძლიერებენ კონტროლს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას. ეს არის საკმაოდ განსხვავებული პროგრამა, იმ პროგრამებს შორის, რომლებიც აქამდე განგვიხორციელებია და მას აქვს განსხვავებული მიდგომა. ამ პროგრამას სამი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი – ეს იქნება მოქალაქეებზე ორიენტირებული პროგრამა. მეორე – ამ პროგრამის ფარგლებში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ცხრა ახალი პროექტი განხორციელდება, უკვე გამოყოფილია ამისთვის 14 მილიონი დოლარი და მესამე – ჩვენ ვაფართოვებთ პარტნიორების რიცხვს და პირველად, ადგილობრივ დონეზე არსებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მივეცით, ჩართულიყვნენ. ამ პროგრამაში მთავარი არის ის, რომ ვართ მეტად  ორიენტირებული მოქალაქეებზე და იმედი გვაქვს, შედეგად მივიღებთ უფრო პასუხისმგებლიან პოლიტიკას,“ – განაცხადა ​„იუსეიდის“ საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვიბლერმა.