მიხეილ ბატიაშვილი - მოხარული ვართ, რომ IBSU ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროცედურებს მიჰყვება
მიხეილ ბატიაშვილი - მოხარული ვართ, რომ IBSU ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროცედურებს მიჰყვება

მოხარული ვართ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიჰყვება იმ პროცედურებს, რომელიც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ იყო გაცხადებული, – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„როგორც ვიცი, უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს მიმართა, შემდეგ განხილული განცხადება წარედგინება ავტორიზაციის საბჭოს. შესაბამისი ვადებითა და პროცედურებით მოხდება ყველაფრის განხილვა გამჭვირვალედ და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანა“, – განუცხადა ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პრეზენტაციაზე მყოფმა განათლების მინისტრმა.

მოესწრება თუ არა განცხადების განხილვა სასწავლო წლისთვის, მიხეილ ბატიაშვილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა. შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.

ამასთან, ცენტრის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მიესალმება. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს აღნიშნული გადაწყვეტილების რევიზია კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე.