მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია, ადამიანურ კაპიტალში რაც შეიძლება მეტი და კარგად გათვლილი ინვესტირება განხორციელდეს
მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია, ადამიანურ კაპიტალში რაც შეიძლება მეტი და კარგად გათვლილი ინვესტირება განხორციელდეს

საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მიზანია, ადამიანურ კაპიტალში რაც შეიძლება მეტი და კარგად გათვლილი ინვესტირება განხორციელდეს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სტუმრად ყოფნისას განაცხადა. გადაცემაში მთავარი აქცენტი განათლების სისტემის რეფორმასა და მის პრიორიტეტებზე გაკეთდა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო იზიარებს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის წარმატების წინაპირობად ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას და ზოგადად ე.წ. ადამიანური რესურსის განვითარებას მიიჩნევს.

გადაცემის თანაწამყვანმა, კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც კი, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მიდგომა შეცვალეს და დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის განვითარების შეფასებისას, ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო რესურსების გვერდით ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად სწორედ ადამიანურ რესურსს განიხილავენ.

ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმა ამოსავალ წერტილად სწორედ ადამიანური კაპიტალის განვითარებას მიიჩნევს. მისი განმარტებით, ყველა ქვეყანამ, სადაც განათლების რეფორმა წარმატებული გამოდგა, ორიენტირად სწორედ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება აირჩია.

„ჩვენი მიზანია, ადამიანურ კაპიტალში რაც შეიძლება მეტი და რაც მთავარია, კარგად გათვლილი ინვესტირება განხორციელდეს“, – განაცხადა ბატიაშვილმა. 

მინისტრის განმარტებით, ადამიანური კაპიტალში მიზანშეწონილი ინვესტირებისთვის აუცილებელია, მოხდეს წლების მანძილზე არსებული ალოგიკური სიტუაციის შეცვლა, როდესაც სახელმწიფო ახდენს ისეთი პროფესიების სუბსიდირებას, რომელიც ყველაზე მოტივირებულ და ენერგიულ სამუშაო ძალას, 30 წლამდე ახალგაზრდებს, უმუშევრობისთვის წირავს, რადგან ეკონომიკაში მასზე მოთხოვნა არ არის. ბატიაშვილი თვლის, რომ ვითარების შესაცვლელად აუცილებელია, ეკონომიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და პროფესიული სასწავლებლების ამ პრიორიტეტების მიხედვით სუბსიდირება.

„პირველი, რაც დავიწყეთ, არის პრიორიტეტების განსაზღვრა. განათლება ხომ ხანგრძლივი პროცესია, დღეს ვლაპარაკობთ ისეთ მოსწავლეებზე, რომლებიც ეკონომიკაში 15-16 წლის შემდეგ მოვლენ. ანუ უნდა ვისაუბროთ, რა გვჭირდება დღეს და რა დაგვჭირდება ეკონომიკაში. დღეს დაფინანსებული პროფესიების სფეროებიდან 50 პროცენტი საერთოდ წყვეტს სწავლას ასეთ უფასო ფაკულტეტებზე. მაგალითად, დღეს ჩვენს ეკონომიკას სჭირდება სპეციალისტები ენერგეტიკისა და მშენებლობის სფეროში, სადაც არის დანადგარები და გვიწევს უცხოელი სპეციალისტის მოწვევა. ამ სპეციალისტების დღიური ანაზღაურება ზოგჯერ შეადგენს 300-400 დოლარს. ჩვენი მთავარი მიზანია, გადავაწყოთ არა მარტო უმაღლესი სასწავლებლების მდგომარეობა, არამედ პირველ რიგში პროფესიული სწავლება, რომ ადამიანებს შევუქმნათ სწორი წარმოდგენა და სწორი მოტივაცია“, – განმარტა მინისტრმა.

გადაცემის თანაწამყვანის, მიხეილ ჭკუასელის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე სახელმწიფომ 145 მილიონი ლარი დახარჯა იმ შვიდ პრიორიტეტულ პროფესიულ მიმართულებაზე, რომელზეც უმაღლესმა სასწავლებლებმა ან საერთოდ არ გამოაცხადეს მიღება, ან ამ პროფესიებზე მიღებული სტუდენტებიდან მხოლოდ ნახევარმა დაასრულა სწავლა.